უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. როგორც მისი შვილი ამბობს რადიო თავისუფლებასთან, მამის გარდაცვალების შესახებ ცნობა ოჯახმა 23 აგვისტოს მიიღო. გიორგი კიპრიტიდის თქმით, რამდენიმე ხნის წინ მამა ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, დაბომბვისას დაიჭრა, გასულ პარასკევს კი, კლინიკაში გარდაიცვალა.
„ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად სად დაიჭრა მამა და რამდენი ხნის წინ. მხოლოდ ის ვიცით, რომ დაჭრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ის კლინიკაში მკურნალობდა.“
ვიქტორ კიპრიტიდი სოხუმიდან დევნილია. მისი მეუღლე და ორი შვილი თბილისში ცხოვრობენ.
ის პროფესიონალი სამხედრო იყო. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს - აგვისტოს ომში.
ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში იბრძოდა 2014 წლიდან - ევრომაიდნის მოვლენების, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების შემდეგ.
თავდაპირველად ის უკრაინაში დაფუძნებული „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო. თუმცა თანამებრძოლებისა და მეგობრების ცნობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.
გავრცელებული ცნობით, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.