შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან შეუჩერა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება, „აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე.“ შამბას თქმით, მოსკოვში არაერთგზის განაცხადეს, რომ „ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები.“


„მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ,“ განაცხადა შამბამ ბრიფინგზე.


მას კოზაკი-ბჟანის შეხვედრის პროტოკოლის ნამდვილობის შესახებ კომენტარიც სთხოვეს, შამბამ აღნიშნა, რომ ალსან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს 19 აგვისტოს შეხვდა, პროტოკოლი კი 26 აგვისტოს შედგა.

„ჩვენი პრეზიდენტი არ ესწრებოდა დოკუმენტის წერის პროცესს, ამიტომ ისიც ვერ დაამოწმებს ამას, ერთადერთი რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მან თქვა, რომ საკითხი, რომ მან გასცა გარკვეული დაპირებები, ასეთი არ ყოფილა. ეს გამოქვეყნებულია პრეზიდენტის საიტზე, შეგიძლიათ გაეცნოთ,“ - აცხადებს შამბა.


„ჩვენი არხებით, რა საკვირველია, ვცდილობდით ამ ვითარებაში გარკვევას.. ოფიციალურად არაფერი მიგვიღია, დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად არ ჩამოსულა, მას ვერ განვსაზღვრავთ, ნამდვილ დოკუმენტად, თუმცა საკითხები, რომლებიც იქ დგას. არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა შეხვედრაზე.“


გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოსკოვი ოკუპირებული სოხუმისგან ითხოვს:

  • ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
  • რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
  • რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).