პრემიერის თქმით, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.


მანვე განმარტა, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება, იყოს გამოყენებული.


„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება, იყოს გამოყენებული.


ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება, მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება,“ - განაცხადა კობახიძემ.


კითხვას საიდან აქვს მმართველ ძალას ამგვარი ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან, კობახიძემ უპასუხა რომ როდესაც "ოპოზიცია დასუსტებულია, ინფორმაცია გარეთ საცერივით გამოდის."


„ასეთ თემებზე არის მუდმივად საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, თქვენ გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, იქ ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია.


შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიდის საუბარი, სხვადასხვა პარტიაში თან, არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში გამუდმებით მიდის საუბარი შესაძლო პროვოკაციებსა და ასეთი ტიპის ინციდენტებზე. მიზეზი ძალიან მარტივია, მთელი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ჯამური რეიტინგი დღეს არის, დაახლოებით, 25%. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება. ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი," - განაცხადა კობახიძემ.