რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. მათი ვიზიტიდან ცნობილი გახდა, რომ თუ საქართველოს მთავრობამ არსებული კურსი გააგრძელა, გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს მოლაპარაკებების განხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.


გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა დებორა დიურინგმა (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) საქართველოში 4-6 სექტემბერს მათ ვიზიტთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაუსვეს, რომ „საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.“


„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლოდროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.


საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას.


ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.


ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არამხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ, ეს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს,“ აღნიშნულია გერმანელი დეპუტატების განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ გაავრცელა.


ცნობისთვის, დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას - რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძემ განმარტა, რომ პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.


განახლება: განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. „მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის. მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა. გახსოვთ, ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოში ჩამოსული, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და მის შემდეგ რამდენიმე საათში ის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა.


პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი და ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრებიც მიუღებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი გაუზიაროს. თუმცა ეს ყველაფერი რამდენად შედეგიანი იქნება, გამოჩნდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.