Politico-ს ცნობით, კუბილიუსი შესაძლოა, უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი გახდეს

განახლებულ ევროკომისიაში, უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხების კომისრის პიზიციას, სავარაუდოდ, ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს.


Politico ამ დასკვნამდე ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს, ასევე ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან საუბრების შემდეგ მივიდა. გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენმა ადრე აღნიშნა, რომ თავდაცვის საკითხების კომისრის ახალი თანამდებობა უნდა მიეცეს ვინმეს აღმოსავლეთ ევროპიდან.


ანდრიუს კუბილიუსი არის ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რომელიც ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრემიერ-მინისტრად. კუბილიუსს ეს თანამდებობა ორჯერ ეკავა. Politico წერს, რომ კუბილიუსი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის ხუთ წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. მას დიდ პატივს სცემენ, რადგან მართავდა ლიეტუვას 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს. Politico ხაზს უსვამს, რომ კუბილიუსი ასევე ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას და გამოდიოდა მოწოდებით, უკრაინის აღდგენის ხარჯები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსებულიყო.


კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაფართოება უნდა მოახდინოს და პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის მიღება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „უკრაინის გაფართოებისა და უკრაინის აღდგენის“ საკითხების აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნება ლატვიელი პოლიტიკოსი ვალდის დომბროვსკისი.