ერდოღანი: ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის მხარდაჭერას. ამ შინაარსის ინფორმაციას თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

„ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა,“ - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიდეომიმართვაში, ყირიმის პლატფორმის ლიდერთა მეოთხე სამიტზე.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა, კიდევ უფრო გააღრმავა ყირიმელი თათრების ტანჯვა, რომლებმაც 80 წლის წინ დეპორტაცია განიცადეს.


მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს არასოდეს უღიარებია ყირიმის ანექსია, რამაც გაამწვავა რეგიონის ხალხის ტანჯვა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა ყირიმელი თათრების უფლებებს, იცხოვრონ „თავისუფლად, უსაფრთხოდ და მშვიდად საკუთარ სამშობლოში.“


გამოსვლის ბოლოს, მან იმედი გამოთქვა, რომ პლატფორმის ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ინიციატივებს.

„ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაეფუძნება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,“ - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არასდროს აღიარებს და ანკარა განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2022 წლის აგვისტოში, ერდოღანმა ასევე გაიმერა, რომ თურქეთი მხარს უჭერს „სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე.“


2022 წელს, თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები.