საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდეტმა „ლელო საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ათონელის რეზიდენციაში მიიწვია. პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსები მათთან ხვალ, 17 სექტემბერს უნდა მივიდნენ.
„საქართველოს ისტორიისათვის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ, უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი.
ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არამხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე (ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება). ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე - ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები, თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს.
დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი, ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ.
მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ, ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას. სწორედ ამისთვის შეიქმნა ,,ქართული ქარტია“ და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტიანი დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ.
ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს.
მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდება.