რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი როინიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სპეციალური დანაყოფი "თბილისი" სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როინიშვილი "თბილისის" მეთაურის მოადგილე იყო, ის კურსკის ოლქში ბრძოლაში დაიღუპა. დანაყოფის ინფორმაციით, ამავე ბრძოლაში კიდევ სამი მებრძოლო დაიჭრა.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 1500-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 70-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.