„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს - საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს შეფასებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. სალჩომ მწუხარება გამოთქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით, რომ ის სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს.“


„დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო. ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს.


ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით, რომ ის „სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს.“ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.


ცნობისთვის, კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განცხადებით  დაგმეს „სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი პარლამენტში.“ ორგანიზაციების შეფასებით, კანონების პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.


ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება. კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გააგრძელონ მასზე მუშაობა. კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის,“ - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.


ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დაარეგისტრირეს, რასაც წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგიონებში უკვე ჩაატარა შეხვედრები კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაასახელა თავიანთი მთავარი არგუმენტი, რატომაა საჭირო ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვა. „ოდესმე, 10-15 წლის შემდეგ, შეიძლება ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ, რომელმაც შესაძლოა, ეს კანონები გააუქმოს, რადგან მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები,“ - აღნიშნა მდინარაძემ.


კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი შემდეგი მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატი მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებს. დღეის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 წევრია.


დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებას 91% უჭერს მხარს. „პროპაგანდასთან დაპირისპირება ჩვენი ვალია ქართული საზოგადოების წინაშე,“ გააცხადა ირაკლი კობახიძემ.


  • ინფორმაციისთვის, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლში წერია:

1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.


პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“