პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო - ვის შეეხება ამნისტია

84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.


პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.


"ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი," - განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს:

პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის 1/2-ით შემცირება;
სასჯელის 1/4-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.


ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება.


ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.