„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სადავო საკითხები არ არის, არის საკითხები, რომლებიც არ არის შეთანხმებული,“ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ Report-თან ინტერვიუში.
„სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესებს, არამედ, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს უფრო ფართო რეგიონში, ხსნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ჰაჯიზადამ.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს შრომატევადი საკითხია.
„1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის შესაბამისი კომისია მუშაობს დელიმიტაციაზე და დღემდე შეთანხმებულად ითვლება საზღვრების 2/3. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე არ არის სადავო საკითხები, არამედ ის საკითხებია, რომლებიც არ არის შეთანხმებული. ეს ბუნებრივია, რადგან საზღვრის საკითხი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს. ამ კუთხით მუშაობა ამ დროისთვის მიმდინარეობს,“ აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. აქ სიტუაცია განსაკუთრებით 2019 წლის აპრილიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯაში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა აქციები 2010 წელსაც იმართებოდა. გასული წლის 19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა.“
2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო.
2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.