რა შედეგით დატოვეს პრეზიდენტის სასახლე მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლე დატოვეს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.


„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმდით ერთ რამეზე - რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ხაზარაძემ.


მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტზე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

„დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება, იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა,“ – განაცხადა ხაზარაძემ.


„სხვა საკითხებს თუ გულისხმობთ, რომელიც ეხება იგივე წერილს, იგივე ანაკლიის საკითხს, სხვა ამბავს, ჩემი პოზიციაა, რომ  ყველა ეს საკითხი უნდა იყოს გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, სადაც მე და ბატონი გახარიაც, დარწმუნებული ვარ, უნდა თანამშრომლობდეს, 20 ივნისი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი.“


თავის მხრივ, გიორგი გახარიას თქმით, მათი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო.

„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, რადგან მე დღეს აქ, პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა, ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის.


ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, რადგან, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც გადაიდო. ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.


მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი ყოველთვის, საქართველოში ჩვენი მოღვაწეობის ყოველდღე სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებდით პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე, რათა პოზიცია დააფიქსიროს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.


„მახსოვს, მეძახდნენ თვალთხარიასაც, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ წევრებიც მეძახიან თვალთხარიას. „ოცნების“ ნარატივში გამოვიდა, ესენი ერთმანეთს თვალთხარიასო და გახარია თაღლითს ეძახდაო. საერთოდ, ჩემი ლექსიკა არ არის, ბევრი რამ მითქვამს, მითქვამს მატყუარა, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე მიმაჩნია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ქვეყანაზე და სახელმწფიო ინტერესებზეა საუბარი, როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა, ერთი არჩევნების პირობებში ერთდროულად შევძლოთ, დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ამაში ვინმე რამე ცუდს თუ ვხედავთ ან შემძრახავთ, ამასაც მივიღებ,“ უპასუხა გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას.


გიორგი გახარიამ განმარტა, რომ „მისთვის დღეს მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს, 26 ოქტომბრის შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგოს ხელისუფლება.“


„კი არ გაქრეს, ვერ შეძლოს, ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ქვეყნის ხელისუფლებაში, რადგან ეს დაუშვებელია. ეს შეთანხმება ამას თუ ხელს შეუწყობს, მერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე რას ფიქრობდა ჩემზე ან რას ამბობდა. დიდი მიზანია, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომ ახლა მე რომ დავიწყო საუბარი, ხაზარაძემ ეს თქვა და გაბუტული ვარ, არასერიოზული იქნება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.


ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.


ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ.