„ერევანმა გააყინა მონაწილეობა CSTO-ში (ОДКБ) მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ჩვენ გავყინეთ ჩვენი წევრობა CSTO-ში არამხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზაცია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, სომხეთის შემდგომ არსებობას, მის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, სრულად აღადგინოს მონაწილეობა ორგანიზაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერევანი მიიღებს კონკრეტულ, ზუსტ პასუხებს დასმულ კითხვებზე.
ფაშინიანმა 25 მარტს განაცხადა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO), მაგრამ არ ბლოკავს მის გადაწყვეტილებებს. 13 ივნისს, ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა, რომ ერევნის შემდეგი „ლოგიკური ნაბიჯი“ იქნება CSTO-დან გამოსვლა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი აპირებს განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ასევე საქართველოსა და თურქეთთან. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მზადაა, ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.
„საიდუმლო არ არის, რომ სომხეთში ჩემი განცხადების შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდა: ოფიციალურად უნდა აიღოს თუ არა სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება. მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალმხრივი ან თუნდაც ორმხრივი ქმედება. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პრობლემების ფორმულირებაში, რათა არ შევქმნათ შემდგომი იმედგაცრუება ჩვენს ხალხში ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში. ასევე აუცილებელია, ფიზიკურად წარმოვიდგინოთ სომხეთის გაწევრიანება ევროკავშირში. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.