რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით.“
„რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს, 19 სექტემბერს, გავრცელებული ცნობებით, შესაბამისი დოკუმენტი დუმის მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა. მას თან ახლავს რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომ ამ „ხელშეკრულების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით.“
რუსეთის და მის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „მთავრობებმა“ ეს „ხელშეკრულება“ 2023 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში გააფორმეს. საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მაშინ განაცხადა, რომ თავს „რუსული სამყაროს ნაწილად“ გრძნობენ და ყოველთვის მიისწრაფოდნენ „რუსეთთან ერთად ყოფნისკენ.“
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რომლის ე.წ. დამოუკიდებლობა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის შემდეგ აღიარა, რუსეთის სახმელეთო ძალების მეოთხე ბაზაა განთავსებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანის მისი ძალები საქართველოდან.