პრეზიდენტი: ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ მიზანი არის ერთი

საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი დამნაშავე ამ პროცესში უნდობლობა და ეჭვია.


მან უარყოფითის გარდა, ასევე ისაუბრა პროცესის პოზიტიურ ნიშნებზე, რის მაგალითადაც პრეზიდენტმა მიუთითა, რომ „ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი იქნება.“ აღსანიშნავია, რომ ამ „პოზიტიურ ნიშანზე“ პროცესის მონაწილე ორივე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი მიანიშნებდა.


როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ 16 სექტემბერს მოუწოდა, ამის შემდეგ იყო შეხვედრები, თუმცა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.


“მცდელობა იყო და, მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში დიპლომატიისა და, რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც გვექნა ყველას ერთად და მოგვეხერხებინა კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი მოლაპარაკებებში ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა.


მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი. უფრო იმ მოცემულობის ბრალი იყო, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში, ვინ როგორ დაიცვას თავისი იდენტობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის და იქნება იმიტომ, რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან.


  • მაგრამ ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე. ჰგონიათ, ვინც უფრო მეტს დათმობს, ის უფრო სუსტია და ეს ნათელია, რომ ძნელი დასაძლევია წინასაარჩევნო პერიოდში.

მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს - უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მათ შორის, მეც და ძალიან ძნელი არის, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც საბოლოოდ ქმნის მოლაპარაკებაზე შედეგს.


მოლაპარაკება არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი - ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება. ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს უკვე, რომ მიზანი არის ერთი - ამ დილით ხელი მოეწერა მეოთხე პარტიისგან ეს ქარტია და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, მათ გამოაჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა - მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რომელიც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღეს, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება, ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო “ოცნების” გათვლა.


იმ პარტიებმა, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ეს ნაწილი დათმეს და აქ უკვე ჩანს ის დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან. გადაწყვიტეს, რომ ქარტიის ხელმომწერები მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის. მთელი ამ პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად,” - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.


რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, „შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება.“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ხმებით გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ცდილობს, საზოგადოება კონფრონტაციამდე მიიყვანოს, რადგან შემდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია ჰქონდეს.


„ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან გამომწვევ მომენტში. ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არა შიგადაშიგ, არამედ, ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში.


მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება, ითქვას, რომ ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა აქა-იქ ფულის დარიგების გარდა, არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი, შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა.


არავის არაფერს არ ჰპირდებიან, პირიქით, იქ, სადაც მათ მიუხედავად, უცებ ჩნდება რაღაც ერთობა, რაღაც სიხალისე, საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ სათავისოდ იმისთვის, რომ შექმნან მათთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში, ეს იქნება ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა და იქაც გამარჯვება, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატებები, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო გაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ამ ქვეყანაში საზოგადოებაში.


რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს იმას, ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით აქამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გველაპარაკებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალება, ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენება, (რომელსაც ვერ გამოიყენებენ, ამაში ვარ დარწმუნებული), მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ.


შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყველამრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა [რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენ გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა.


ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ - ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.


 ტექნიკური მთავრობა

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში.“


„მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს - ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები.“

„ეს არის სამოქმედო გეგმა, ტექნიკური მთავრობა, პროფესიონალების მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები“. დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომაა ახლა დაშვებული, რომ ცდილობენ პოლიტიკურ-კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია.


ეს არის [კრიზისის] დაძლევის ერთადერთი საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც ასევე არსებობს ევროპაში. იტალიამ გვაჩვენა, საბერძნეთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები. ეს თავისთავად დეპოლარიზაციაა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით.


ვემსახუროთ ქვეყანას, როგორც ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ ფიცის დადების დროს - „ვემსახურები საქართველოს“. ასე უნდა იყვნენ პოლიტიკოსებიც, პოლიტიკური პარტიები და მაშინ იქნება ეს ქვეყანა მართლაც დაცული. მე გთავაზობთ, რომ ამ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია დამოუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ქართული ქარტია

პრეზიდენტის თქმით, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა.

„რატომ ქარტია? - რომელზედაც ცოტას ლაპარაკობენ და ახლა მინდა, გითხრათ, რომ ამ ოთხი კვირის განმავლობაში არავის მივცემ უფლებას, რომ არ ილაპარაკოს დღე და ღამე ქარტიაზე იმიტომ, რომ, რეალურად, ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი. სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს ამ პარტიებს შორის. ქარტია არის ევროპაში დაბრუნების სამოქმედო გეგმა, იმ გზაზე, სადაც ჩვენ გაგვაჩერეს და ახლა უნდათ, რომ იქიდან საერთოდ გადაგვიყვანონ. ქარტია არის ის, რაც გვაძლევს ძალიან რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას:


ახალი პარლამენტის შეკრების პირველივე დღიდან, როცა ამ ოთხი პარტიის მიერ შექმნილი უმრავლესობა შევა პარლამენტში, ეს ნიშნავს ყველა იმ კანონის გაუქმებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არამხოლოდ ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებებს, არამედ, ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირებულებებს და რომელიც არის სასწრაფოდ გასაუქმებელი.


გათავისუფლება ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობდა მარტის აქციებში და არის დაკავებული ან დაჯარიმებული. ამ კუთხით სამართლიანობა სწრაფად უნდა დაბრუნდეს. სამართლიანობა არის ასევე სასამართლოს აღდგენა, კლანისგან გათავისუფლება იმისთვის, რომ სასამართლომ წინასაარჩევნოდ ერთ დღეში არ გადაწყვიტოს, რომ 64 მილიონს გაუუქმებს ბიუჯეტის მიმართ ვალს ერთ-ერთი დეპუტატის მამას ან სხვას. ეს არის სასამართლო და სამართლიანობა.


და ეს არის ის ვალდებულება, რაც აქვს აღებული ოთხ პარტიას. სასამართლოს გარეშე, ანტიკორუფციული რეალური ზომების გარეშე და ახალი საარჩევნო გარემოს შექმნის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წავა.


ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საერთო პროგრამა, საერთო მიზანი და ერთმანეთთან, ალბათ, უკვე დაწყებული ურთიერთობების მოდელი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. თუ სადმე რამე პრობლემა იქნება, მეც იქ ვიქნები.


ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი, მაგრამ არჩევანის დაცვა ხდება წინსწრებით, ხდება მობილიზაციით, არჩევნებზე მისვლით, აქ იქნება თუ საზღვარგარეთ და ვიცი, რომ იქ ძალიან ძნელი იქნება და ეს არის მაჩვენებელი, ხელისუფლებას თუ რამდენად ეშინია თავისი დიასპორის, იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანას გარედან ეხმარებიან და ამ ადამიანებს არ აძლევენ იმ ელემენტარულ უფლებას, რასაც ხმის უფლება ჰქვია.


როცა არ ხსნი უბნებს, როცა ეჭიდავები საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ცესკო - ორივე დამნაშავეა და ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გამოირკვეს. ეს არის ტოტალური დისკრიმინაცია და მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ის, რაც გამოსასწორებელია,” - განაცხადა პრეზიდენტმა.