კიევი: NATO-ში უკრაინის მიწვევა უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ნაწილია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინის „გამარჯვების გეგმა", რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარუდგენს, სამხედრო და დიპლომატიური ნაწილებისგან შედგება და მოიცავს მკაფიო ხედვას იმ ნაბიჯების, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.


ნიუ-იოკრში, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში გამოსვლისას, ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე უპირატესობა უნდა ჰქონდეს, რათა პუტინი აიძულონ, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამიტომ, კიევი მოკავშირეებს მოუწოდებს, სამხედრო დახმარება გაზარდონ და დააჩქარონ და მეტი ინვესტიცია ჩადონ უშუალოდ უკრაინული იარაღის წარმოებაში.

ერმაკმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ უკრაინას ჰქონდეს დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა.


მანვე აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმის“ ნაწილია NATO-ში უკრაინის მიწვევა. ერმაკმა პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, ნუ მიაქცევენ ყურადღებას რუსეთის მუქარას, რომ ეს მეტ ესკალაციას გამოიწვევს.