აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, „აშშ-სა და საქართველოს შორის გაუგებრობა აღმოიფხვრება.“ შესაბამის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, საუბრები, შეფასება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ამგვარი ფაქტები ურთიერთობებში. ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე.
ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის საწინდარი, რაც გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან ღრმა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სწორედ ეს არის თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ.
ასეთი გაუგებრობები როდესაც ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია, ჩართულობა. ღიად ვამბობ, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. მე ამაზე დღესაც მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. ხვალ ვაშინგტონში დავბრუნდები და ეს საუბრები აუცილებლად გაგრძელდება, რათა ყველა გაუგებრობას და კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. ეს არავის ახარებს.
მე ვიცი ჩვენი პარტნიორების გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენც ძალიან გვტკივა გული ამაზე. ვიმეორებ, რომ აუცილებელია მუდმივი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავძლევთ ამ გაუგებრობას და დავუბრუნდებით არა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით, არამედ იმ მდგომარეობას, რასაც იმსახურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა,“ – განაცხადა ზალკალიანმა.