აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ „აშშ-ის ორპარტიული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებისა და რიტორიკის გამო, არ შეიცვლება, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.“
„ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა, კონსტრუქციული ურთიერობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით...
ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ... მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა.“
ელჩი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის მიცემა წმინდა დემოკრატიული უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა.
„სწორედ ასე შეიძლება, იყოს გაგონილი შენი ხმა და იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე“, ამბობს რობინ დანიგანი.
„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და ტექნიკური პროფესიონალები არიან და, ჩემი აზრით, მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველჰყოფას, რათა ხალხმა იცოდეს, რომ კენჭისყრა ფარულია და ხმის მისაცემად მივიდეს.
ასევე, მე ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას. მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ისა და NDI-ს გრძელვადიანი მისიები - ორი ორგანიზაციისა, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. მათ მიიღეს როგორც ამ ორი ორგანიზაციის, ისე სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულა. ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და რომ მიიღეს გადაწყვეტილება არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას დააკვირდეს არჩევნებს.
ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკოსგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ამაში დასარწმუნებლად გვეყოლება დამკვირვებლები. მაგრამ, ხალხმა ასევე უნდა იცოდეს, რომ მათი ხმა იქნება ფარული. და, ჩვენი აზრით, დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის მიცემა წმინდა დემოკრატიული უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. სწორედ ასე შეიძლება იყოს გაგონილი შენი ხმა და იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი არჩევნებიც არის. ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების - ანუ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ, დემოკრატი სენატორის - [ჯინ] შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის - ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად, კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიული კანონმდებლობაზე, რომელიც არამხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას, არამედ, რეალურად, მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ შედეგებს. ასე რომ, იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.“
- ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული შანსები, რომ არჩევნებამდე აშშ-სთან ურთიერთობა გააუმჯობესოს? ამ შეკითხვას რობინ დანიგანი ასე პასუხობს: „აბსოლუტურად! მთავრობა კი კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს, ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება... და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?! ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას.
აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა, მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. არ არის საჭირო მოცდა.“