რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ოქტომბერს განკარგულება გამოსცა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის, განათლების მიღების მიზნით.“


მანამდე, საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა.


ცნობისთვის, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, დასავლური სანქციების ქვეშაა. მოსკოვს ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.