უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პარლამენტში წარსდგა. მან რადას გამარჯვების გეგმა წარუდგინა. ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ არის ომის დიპლომატიური გზებით დასრულების „ხიდი“, რადგან მისი განხორციელება რუსეთს აიძულებს, უარი თქვას აგრესიაზე და მოლაპარაკებებს დათანხმდეს. უკრაინის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში საქართველოც ახსენა.
„დღეს მინდა, პირველად წარმოვადგინო ეს გეგმა საჯაროდ. მე მოგმართავთ ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის... „ჩვენ თუ მივყვებით ამ კონკრეტული გამარჯვების გეგმას, ომის დასრულება შესაძლებელია არაუგვიანეს მომავალი წლისა. ყველა ჩვენგანს, ვინც ომის ტკივილს განვიცდით, გვესმის, რომ სახელები, როგორიცაა, პოკროვსკი, ვოვჩანსკი, ხარკოვი, სუმი, ორიხივი, ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, მხოლოდ უკრაინის ბედს არ ეხება. არამედ სხვა ქვეყნების - ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედსაც. ფინეთსაც. ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც. ბალკანეთს, შუა აზიის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვას, მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებს, რომლებიც ჩვენგან შორს არიან, მაგრამ ძალიან ახლოს არიან ჩვენს პარტნიორებთან - ეს მოიცავს ლიბიას, სირიას და საჰელის რეგიონის ქვეყნებს.
უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, რა მოხდება მსოფლიოში. რუსეთსა და მის თანამზრახველებს სურთ მეტი ომი. ეს ფაქტია. ამჟამად, ჩვენი პარტნიორებისთვის, უკრაინის დახმარება ნიშნავს მსოფლიოში წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას. თუ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, სამშვიდობო სამიტზე და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდება, ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შეაკავებს.
თუ პუტინი მიაღწევს თავის გიჟურ მიზნებს - გეოპოლიტიკურ, სამხედრო, იდეოლოგიურ და ეკონომიკურს - ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შორის, განსაკუთრებით, ყურის რეგიონში, ინდო-წყნარ ოკეანესა და აფრიკაში აბსოლუტურ შთაბეჭდილებას შექმნის იმის შესახებ, რომ აგრესიული ომები შეიძლება, მომგებიანი იყოს. სწორედ ამიტომ, მომავალი ათწლეულების ბედი, უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად, ჩვენი გლობალური კოალიციის ქმედებებზეა დამოკიდებული. ჩვენთვის სრულიად ლეგიტიმურია, რომ ჩვენს პარტნიორებს მივმართოთ მხარდაჭერისთვის,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და ჩამოთვალა გამარჯვების გეგმის ხუთი პუნქტი.
პირველი პუნქტი გეოპოლიტიკურია. მეორე და მესამე პუნქტები - სამხედროა. მეოთხე პუნქტი არის ეკონომიკური. გამარჯვების გეგმის მეხუთე პუნქტი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან.
კერძოდ, პირველი არის უკრაინის NATO-ში მიწვევა ომის დასრულებამდე. მეორე პირდაპირ ეხება სამხედრო ოპერაციებს. ზელენსკის თქმით, აუცილებელია „ომის რუსეთში დაბრუნება“, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ პუნქტის მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელებას რუსეთის ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით შეტევებზე და ასევე უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და დრონები.
მესამე პუნქტი არის სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განთავსებას. ამან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რუსეთი აიძულოს, რომ მოლაპარაკებებზე წავიდეს საომარი მოქმედებების გაგრძელების მიუღებელი შედეგების გამო.
გეგმის მეოთხე პუნქტი უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების - კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას. მეხუთე პუნქტი არის უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად. კერძოდ, ლაპარაკია ევროპაში ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით ჩანაცვლებაზე.
ზელენსკის თქმით, გეგმაში არის სამი საიდუმლო დამატება და მას საჯაროდ არ უსაუბრია მათზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელი მოკავშირეები გეგმას „პრაქტიკულად“ მიუდგნენ და ახლა მის კონკრეტულ დეტალებს სწავლობენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.