ევროკავშირის ელჩი: თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, რეალობაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის "ახლანდელი მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, სავალალოა, ქართველი ლიდერების ბრალია." ევროკავშირის ელჩმა 18 ოქტომბერს მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განზრახ - მოქმედებებით, განცხადებებით, კანონებით - არ უახლოებენ საქართველოს ევროკავშირს", არამედ დააშორეს მას.


ჰერჩინსკის თქმით, გაწევრიანების პროცესის შეჩერება არის "საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის მოქმედების, განცხადებების შედეგი."

გასული წლის ნოემბერში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში იყო მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას "შეეწყვიტა ანტიდასავლური პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივები", რაც, ელჩის თქმით, სამწუხაროდ, არ შეწყდა.


პაველ ჰერჩინსკის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ "უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გვაქვს შეჯიბრი, კონკურსი საქართველოს მთავრობის უმაღლესი ოფიციალური პირების დონეზე და საქართველოს მმართველი პარტიაში, თუ ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ შეურაცხყოფს ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. ეს დაუშვებელია."


ევროკავშირი დააკვირდება, როგორ ჩაივლის საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები.

„ვიმედოვნებთ, რომ ის ჩაივლის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა," - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ევროკავშირს გამოუყენებია სანქციები, თუმცა სანქციების გამოყენება არ არის მარტივი, ვინაიდან მას სჭირდება ერთსულოვნება.


კითხვას, იქნება თუ არა ქართველი ხალხის დასჯა, თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს გააუქმებს, ჰერჩინსკიმ უპასიხა, რომ "არავის სურს რიგითი ადამიანების დასჯა", მაგრამ უნდა იმოქმედონ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების საპასუხოდ. მათ შორის ელჩმა დაასახელა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის შეჩერება.


„საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება გარკვეული დროის წინ იყო მიღებული. საქართველომ დაკარგა ევროკავშირის 121 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს."