ევროკავშირი: დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველო 121 მილიონ ევროს დაკარგავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლისთვის, ქვეყანა 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას დაკარგავს. საუბარია საბიუჯეტო დახმარებაზე. ამ 121 მილიონში შედის ის თანხაც, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში იყო გამოყოფილი ქვეყნისთვის და არ დახარჯულა.


კერძოდ, 2022-2024 წლებში ევროკავშირისგან „121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.“


„2022 წელს გამოყოფილი თანხებიდან შეჩერებული/გადანაწილებულია 12 მილიონი ევრო, 2023 წლიდან 72, ხოლო 2024 წლიდან 37.3 მილიონი ევრო. ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება,“ განმარტავს ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომელიც ინფორმაციას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით ავრცელებს.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“

17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.


„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.


25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.


„უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.