არჩევნებამდე 6 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეებს მიმართა.
-
„დიდი სიყვარულით და ემოციით მინდა, მოგესალმოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს:„თუ არადა სამსახურს დაკარგავ.“ არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა სტიპენდია არ გექნება.“
არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს, აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ, ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
- პრეზიდენტმა ასევე მიმართა მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს.
„დღეს იმედი მაქვს, რომ იქნება შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის - ჩვენ ვიცით, რომ ის იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.“
- ზურაბიშვილმა მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსაც.
„მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არ დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში. არ მინდა, ამ დღეებში თქვენთან გავიგო რაიმე „თუ ან რომ.“ ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდებოდა.