"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, ეს შეხვედრა ელჩთან უკვე შეთანხმებულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
„საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვეს უკვე, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ, არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ და ამ დროს, პირიქით მე მგონი, განმარტება უკვე საკმარისი გავაკეთე, პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ გხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა.“
„ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება, ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად.
იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არაერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს,“ - ამბობს ივანიშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს.“
„რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას.
მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს. ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ, კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად.
მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ინტერვიუში ივანიშვილმა ისაუბრა სინგაპურის სასამარლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "შანტაჟმა" და სანქცირებამ "უკუშედეგი გამოიღო."
„რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ამანაც უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით, მე პირადად, აღარ ველოდები. რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაც უნდოდათ, გააკეთეს, ამოწურეს... ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ერთი მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული," - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მან ასევე ისაუბრა არჩევნების შემდეგომ დღეებზეც და განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, 27 ოქტომბერი იქნება "ძალიან მშვიდი."
„დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდაც მეორე დღე არ არის გადამწყვეტი, ყველა დღე, ერთი კვირა, ორი კვირა, სანამ ომი არ დასრულდება, იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაძაბული მდგომარეობა გეოპოლიტიკურად. შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს იმართება.