აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის როლს რეგიონში.
„დიახ, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავია. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუწოდებთ. აზერბაიჯანი არის პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და პირველი ან მეორე უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი. პირველს ან მეორეს იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წელი თურქეთია, მეორე წელი - აზერბაიჯანი. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
გვქონდა საპრეზიდენტო სამიტები, მინისტრთა შეხვედრები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების, ეკონომიკის მინისტრების დონეზე. ყველა ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაცია გადის საქართველოზე.
ჩვენ გვყავს დიდი აზერბაიჯანული თემი საქართველოში, დაახლოებით - 300 ათასი ადამიანი. ამიტომ, ურთიერთობები შესანიშნავია. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება, იყოს კარგი მაგალითი. ისევე როგორც ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, ასევე არის კარგი მეზობლობის კარგი მაგალითი. თურქეთს შეუძლია, უზრუნველყოს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა რეგიონისთვის და როგორც ქვეყანა, რომლის დღის წესრიგი ძალიან მკაფიოა, ის იცავს საერთაშორისო სამართალს. საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მაშ, რას აკეთებენ ისინი? ისინი უბრალოდ ითხოვენ საერთაშორისო სამართლის დაცვას.
თურქეთის როლი ძალიან პოზიტიურია. და მას შემდეგ, რაც სომხეთთან ომი შეწყდება და პოლიტიკური დარეგულირება მოხდება, დარწმუნებული ვარ, თურქეთის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური,“ განაცხადა ალიევმა.