საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არსებითად მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მიმართულებით.“ მან აღნიშნა, რომ პირველი ნიშნები გადატვირთვის მიმართულებით არჩევნების დასრულებისთანავე გამოჩნდება.
„ვიღაცებს აქვთ მცდელობა, არჩევნებზე მოახდინონ გავლენა, შეიცვალოს ხელისუფლება. როგორც კი გადაივლის ეს ყველაფერი, მაშინვე ასეთ მცდელობებიც დასრულდება. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ყველამ დაინახა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა შანტაჟმა, არც ხალხის მიმართ, არც ხელისუფლების მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების მთავარი გარანტი. დარწმუნებული ვარ, ხვალ ქართველი ხალხი გამოვა, ქუდზე კაცი და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში.
მისი თქმით, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ „შესაბამისი რეპუტაცია“, რომ საზოგადოება მათი მხრიდან მიწოდებულ შეფასებას ენდოს. პრემიერის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.
„არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ შესაბამისი რეპუტაცია, რომ შეაფასონ ეს არჩევნები და ფასი რომ ჰქონდეს მათი მხრიდან მოწოდებულ შეფასებას საზოგადოების თვალში. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც, დაახლოებით, 10 დღით ადრე დაიდო არჩევნების დღემდე.
პრაქტიკულად, მოიცავს თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს და ამ ანგარიშში ასახულია ერთადერთი არსებითი პრობლემა, ეს არის პოლარიზაცია, რაც ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად სერიოზული პრობლემა. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, პოლარიზაცია მედიაში - ეს ის მოვლენებია, რასთან დაკავშირებით ყველას ისედაც ჰქონდა ინფორმაცია. სხვა რაიმე არსებითი პრობლემა ამ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა.
ჰაერიდან ვერავინ მოიტანს პრობლემებს, რომელიც არ არსებობს. არჩევნების დღეც ჩაივლის უპრეცედენტოდ კარგად, მათ შორის, ჩვენ შევქმენით ამისათვის ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლის 91% რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად, ხმას მისცემს ელექტრონულად და მათი ხმებიც დაითვლება ელექტრონული წესით, რაც გამორიცხავს, მათ შორის, ადამიანურ შეცდომებსაც კი, მით უმეტეს, არავითარი სივრცე მანიპულაციისთვის აღარ რჩება.
ასეთ დროს, შეუძლებელია, ვინმემ რაიმე ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, საბოლოო ჯამში, შეფასებებთან დაკავშირებით. რეალურად, ყველანაირი საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად," - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, „საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არცერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.“