ჯო უილსონი: ცალსახად ვგმობ რეიდებს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ „რეიდები კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა.“


„დიდი განგაშითა და შეშფოთებით გავიგე საქართველოს მთავრობის რეიდების შესახებ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ისინი “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევრები არიან, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ რუსული დეზინფორმაციის გამოსააშკარავებლად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. როგორც მესმის, მთავრობამ მკვლევრების ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინა, მათ შორის ქალბატონი გელავას შვილის კომპიუტერის.


ცალსახად ვგმობ რეიდებს. ის რომ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. დარწმუნებული ვარ, რომ რეიდები არანაირ შედეგებს არ მოიტანს, გარდა იმის დადასტურებისა, რომ ბუზიაშვილი და გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ანგარიშვალდებულება უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მათთვის, ვინც აშკარად ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება,” - აცხადებს უილსონი.