ორბანი თბილისშია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ორბანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დახვდა. თბილისში ჩასვლამდე, ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამარჯვება მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგსაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდობლობას უცხადებენ.


რუსეთაველის გამზირზე, სასტუმროდან რამდენიმე მეტრში, სადაც ვიქტორ ორბანი დაბინავდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. ვიქტორ ორბანი, 29 ოქტომბერს შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.


საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ "უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას."


„ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში. ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ეს არის, მათ შორის, პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა," - ამბობს ლევან დავითაშვილი.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, X-ზე წერს, რომ საქართველოს „უსარგებლო ლექციების“ წაკითხვის ნაცვლად, მხარდაჭერა სჭირდება.

„ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა. უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ,“ - წერს ვიქტორ ორბანი.


ორბანის ვიზიტამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განმარტა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი და მისი განცხადებები "არ წარმოაჩენს ევროკავშირს." უნგრეთი, როტაციის პრინციპით, ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა.


„ორბანი დღეს მიემგზავრება საქართველოში... სავარაუდოდ იმისთვის, რომ გამოხატოს თავისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ... ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა განაცხადოს, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს," - ამბობს ბორელი.

შეგახსენებთ, ორბანი უკრაინის დახმარების საწინააღმდეგო პოზიციებით გამოირჩა, რის გამოც ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა.