უკრაინის ომზე ორბანის პოზიციის გამო, ევროკავშირი მინისტრების შეხვედრას ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გამართავს

ორბანის ე.წ. სამშვიდობო ვიზიტების გამო, ევროკავშირი უნგრეთში მინისტრების შეხვედრას აუქმებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება.


ბორელმა განმარტა, რომ აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა ახლა ბრიუსელში გაიმართება, მას შემდეგ რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვსა და პეკინს ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ეწვია და მისმა მთავრობამ ევროკავშირის პოლიტიკას "ომის მომხრე" უწოდა.


ჯოზეფ ბორელის თქმით, დღეს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვიქტორ ორბანის ე.წ. სამშვიდობო მისიები ერთი წევრი სახელმწიფოს გარდა ყველამ გააკრიტიკა.


„ზოგიერთს ბუდაპეშტში წასვლა სურდა, ზოგიერთს იქ წასვლა არ სურდა, ზოგიერთმა თქვა, რომ უმაღლეს წარმომადგენელს გადაეწყვიტა. მივხვდი, რომ ჩვენ სიგნალი უნდა გავგზავნოთ, თუნდაც ეს სიმბოლური იყოს... გადავწყვიტე, რომ არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მოწვევა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


„ჩვენ გავაანალიზეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები და ქმედებები“ განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. 

მანვე განმარტა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არ არის ომის მომხრე პოლიტიკა.ჩვენ კატეგორიულად უარვყავით ეს,“ - აღნიშნა ბორელმა და განმარტა, რომ „ერთადერთი, ვინც ომის მომხრეა, ეს პუტინია.“ ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები ბუდაპეშტში 28-დან 30 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო


სააგენტო Reuters-ი ბორელზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გაიმართება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები მდებარეობს. შეხვედრის გადავადების შესახებ განცხადება 22 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში გახმოვანდა. გარდა ამისა, როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, შეხვედრაზე ბევრმა ევროპელმა მინისტრმა პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან პირად საუბარში.


პირველი ივლისიდან უნგრეთი როტაციის წესით, ექვსი თვით გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მეორე დღესვე ვიქტორ ორბანი გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა კიევსა და მოსკოვში. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მის ვიზიტებს "სამშვიდობო მისია" უწოდა და ისაუბრა ბუდაპეშტის შესაძლო შუამავლობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ორბანი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი „ომის მომხრე პოლიტიკას წარმართავს.“ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ვიქტორ ორბანის მიერ მათთან შეუთანხმებელი ვიზიტები დაგმეს.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი არ აძლევს ევროკავშირის სახელით საერთაშორისო არენაზე მოქმედების უფლებას და მას ევროკავშირისგან არ მიუღია მოლაპარაკებებში მონაწილეობის მანდატი.


16 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა.

16 ივლისს ევროპარლამენტის 63-მა დეპუტატმა ევროკავშირის ხელმძღვანელებს მოუწოდა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან.