მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ

აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ.

„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს.


მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ის, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ავტორიტარები აქებენ. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს, იხილოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებული ქვეყანა.


ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად, ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო.


საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით.


მიმდინარე წლის განმავლობაში, მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას.

არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება,“ - ამ განცხადებით გახსნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტრადიციული პრესკონფერენცია.


მეთიუ მილერს ასევე ჰკითხეს, გამოძიება უნდა ჩაატაროს თუ არა მმართველმა პარტიამ, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო.


მილერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ პოზიციის დაზუსტება სთხოვეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს.

„ამ დროისთვის შედეგებზე საბოლოო შეფასება არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, რომ პროცესის გამოძიება ვნახოთ. ჩვენ დარღვევები აღვნიშნეთ და სრული გამოძიების შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირების მოწოდებებს ვუერთდებით,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.


_თქვენ მოუწოდეთ ქართველ ოფიციალურ პირებს, გამოიძიონ დარღვევები, მაგრამ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი - ბოლო - დემოკრატიულად არჩეული მაღალჩინოსანი ქვეყანაში - რომელმაც თქვა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია და ეს არის რუსული ოპერაციის ნაწილი. არსებობს რაიმე მიზეზი იმისა, რომ ეს არ არის ასახული თქვენს და მდივნის გუშინდელ განცხადებაში?


„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვინდა, გამოძიება ვნახოთ და ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია ის, რომ ეს გამოძიება ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.
ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო გამოძიების ჩასატარებლად,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა მოცემულ შეკითხვაზე საპასუხოდ.


_განიხილავთ რაიმე სადამსჯელო ქმედებას?

მეთი მილერმა ხსენებულ შეკითხვაზე საპასუხოდ გაიხსენა, რომ აშშ-მ უკვე დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა.

„საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს ჩვენს პასუხებს. საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა დახმარება, რომელიც გადახედვის პროცესშია.“


_ახლა თბილისში ათიათასობით ადამიანია გარეთ. ისინი აპროტესტებენ. გაქვთ რაიმე გზავნილი მათთვის?

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების უფლებას მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ არჩევნებში სავარაუდო დარღვევების სრული გამოძიება.“

_მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერია?

„ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია.


ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს შეფასება არ მაქვს,“ - უპასუხა მილერმა რუსეთის ჩარევაზე დასმულ შეკითხვას.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად.

“აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“


ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იყოს გამოძიებული. NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები.


28 ოქტომბერს ევროკავშირის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ღრმა შეშფოთება გაკოხატეს საქართველოში არსებული ვითარების გამო და დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვეს. დღეს, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვას მხოლოდ ცესკოში აპირებს და საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება დარღვევების საერთაშორისო გამოძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება, გაკეთდეს, ეს საჩივრების განხილვაა.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „რაიმე საჩივრები თუ არის, იქნება განხილული. ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის. ყველა, მათ შორის, უცხოელები, აშშ-ის ყოფილი ელჩი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებას მიკერძოებულობას აბრალებდა, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში.“

ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს.