უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბერში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და რუსული აგრესიის დასრულების გზები დეტალურად განიხილეს.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. აშშ-ში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ დონალდ ტრამპს პირადად მიულოცოს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილოს.
დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს.
ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.
„ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები.
"ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.