ბორელი: საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ - მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჯერ კიდევ ჩაითვალონ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი.


კითხვას, არის თუ არა მსგავსება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ხედავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწაფვიან და არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ნამდვილად სურს.


„პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ ვერ ვხედავ. ჩვენ ქართველ მმართველებს, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ და თუ მათ სურთ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ, მაშინ უნდა შეცვალონ კანონი, რომელიც მიიღეს; არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები გამოასწორონ და გზას დაუბრუნდნენ. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჩაითვალონ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში საქმე ასე საერთოდ არ არის,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


ის აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად დაინტერესებულნი არიან.

„უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად არიან დაინტერესებულები, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების შესახებ აღებული ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას შევთავაზოთ. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა,“ - განუცხადა ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიას.