საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ხაჯარატ ახვლედიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მახლობლად 2024 წლის 28 თებერვალს დააკავეს, ხოლო გიორგი რომელაშვილი საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, 2024 წლის 25 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად დააკავეს.