მომავალ წელს ყაზახეთი გეგმავს, შექმნას ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრი, რომელიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ინფრასტრუქტურისთვის ერთგვარ ხერხემალს უზრუნველყოფს, იტყობინება Trend.
ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Microsoft-ის პრეზიდენტ მიშელ სიმონსთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განიხილეს ყაზახეთისა და Microsoft-ის თანამშრომლობის პერსპექტივები IT ინდუსტრიის განვითარებისა და სტარტაპებისთვის ყოვლისმომცველი ეკოსისტემის შესაქმნელად.
Microsoft-მა აცნობა თოყაევს, რომ მათ ყაზახეთში თავიანთი ოფისი გარდაქმნეს მრავალრეგიონულ ჰაბად, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთს და პაკისტანს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი აქტიურად მუშაობს კანონმდებლობაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლის მიზანია, გამოიყენოს თავისი პოტენციალი ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. თავის მხრივ, მიშელ სიმონსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Microsoft აპირებს, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ყაზახეთთან ციფრული განვითარების მიმართულებით.
თოყაევმა მიმდინარე წლის სექტემბერში მოუწოდა პარლამენტის დეპუტატებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხსენებული ამოცანის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ასტანაში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრის მომავალ წელს ამოქმედების მნიშვნელობას.
მან ასევე ხაზი გაუსვა სატელეკომუნიკაციო ქსელების, მონაცემთა ცენტრების განვითარების გაგრძელების აუცილებლობას, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ამ სფეროში ყაზახეთის სპეციალისტების კომპეტენციების გაზრდას.