ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია „ძალაუფლების დათმობის“ შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა.
„აფხაზეთის კანონიერი პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება... მათ ვინც დაიკავა [სამთავრობო შენობები], მათ ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩვნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩვნებში. ქვეყანას [ამის შემდეგ] ვიცე-პრეზიდენტი მართავს,“ - განუცხადა მან მომხრეებს.
ე.წ. ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ორჯერ „გადამდგარან“ ვადამდე ადრე. ეს მოხდა 2014 წელის პირველ ივნისს. მაშინ „თანამდებობა“ დატოვა ალექსანდ ანქვაბმა, როცა კონფლიქტი მოჰყვა ქართველი ეროვნებისთვის მოქალქეებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას.
2020 წლის 2 იანვარს „გადადგა“ რაულ ხაჯიმბა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩვების შედეგები. მაშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ასლან ბჟანიამ. ის და მისი მომხრეები ამტკიცებდნენ რომ ბჟანია ოპონენტებმა მოწამლეს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო ბრძოლაში არ მიეღო მონაწილეობა. ბჟანიამ ე.წ. „არჩევნებში 2020 წელს, ხმების 56.5 % „მიიღო.“
15 ნოემბერს, ე.წ. პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც ასახავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. ე.წ. პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, ბჟანიამ რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი. მანამდე, ბჟანიამ ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ „გადადგომას“ არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს.“
15 ნოემბერს, ასლან ბჟანიას გადადგომას ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, რომლებიც ე.წ. პარლამენტისა და ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ასლან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.
ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს, მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი.
ე.წ. ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს.
დაძაბულობამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბერს მიაღწია პიკს მას შემდეგ, რაც ადგილობრივები, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების ძალებთან რამდენიმესაათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები კანონმდებლების მიერ იმ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც რუსი ინვესტორებისთვის შეღავათიანი პირობების მინიჭებას ითვალისწინებს.
აფხაზეთის დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. დეპუტატები კანონპროექტის რატიფიცირებას 15 ნოემბრის სხდომაზე გეგმავდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებსა და ე.წ. უშიშროების ძალებს შორის შუადღისას მომხდარი შეტაკებების ფონზე, სხდომა მომდევნო კვირამდე გადაიდო. სადავო კანონპროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისა და მიწის საკუთრების ლეგალიზებას ისახავს მიზნად.
როგორ განვითარდა მოვლენები 15 ნოემბერს?
მიუხედავად იმისა, რომ სხდომა გადაიდო, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ, რადგან მათ და ე.წ. უშიშროების ძალებს შორის შეტაკება დაიწყო, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს. ე.წ. უშიშროების ძალებმა სახანძრო მანქანით სცადეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი გზის გადაკეტვა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობის ჭიშკარი და ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანქანა დააზიანეს.
გავრცელდა კადრები, რომელშიც ე.წ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კვამლის ბომბებს ესვრინ, ხოლო აქციის მონაწილეები მათ უკან ისვრიან.
15:30 საათისთვის ვითარება შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ე.წ. პარლამენტის შენობიდან მანამდე გამოსულმა დეპუტატებმა შენობაში დაბრუნება დაიწყეს.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მომიტინგეების ქმედებები არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ.“
მათ ოკუოპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ე.წ. პარლამენტთან „არა იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, არამედ, იმისთვის, რომ დაიცვან აფხაზეთის ეროვნული ინტერესები, მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრე, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა.“
მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ფანჯრის გისოსები ჩამოხსნეს და მინები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ.
ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს არის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა.“
აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის „გადადგომის“ მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
„ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის გამდიდრებისკენ. ჩვენი ამოცანაა ბჟანიას გადადგომა და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება,“ - წერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. მიტინგი 14:00 საათისთვის დაიგეგმა.