ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერები გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ორდერი გაიცა მოჰამედ დეიფზე, თუმცა ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში, ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.


მაისში, ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა ორდერი ნეთანიაჰუს, გალანტის, დეიფის და „ჰამასის“ ორი სხვა ლიდერისთვის - ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარისთვის, რომლებიც გავრცელებული ცნობით, ასევე ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ.


გავრცელებული ცნობით, „მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.“

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო პასუხთან.


ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას.

შეერთებული შტატები ასევე ეწინააღმდეგება ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, აშშ-ს და ევროკავშირს „ჰამასი“ ტერორისტულ ჯგუფად ჰყავთ აღიარებული.