თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.


„მინდა გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები დედაქალაქის მერიაში, რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე, ძალიან ბევრი არასწორი და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინე.

მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში.


მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტის და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა, ჩვენ ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული. ვიკას როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის საქმიანობა ნაყოფიერი, სასარგებლო იყო თბილისისთვის, რისთვისაც მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას“, - განაცხადა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, სურვილის შემთხვევაში, ვიქტორ წილოსანს ექნება შესაძლებლობა, დედაქალაქის მერიაში ნებისმიერ დროს დაბრუნდეს.