ირაკლი კობახიძე: გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩი გააკრიტიკა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატ ირაკლი ზარქუას კომენტარს, რომ საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა უნდა დაიწყოს. კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა ძალიან დიდი პატივი იქნებოდა.


„მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში,“ - განაცხადა კობახიძემ.


დღესვე, კობახიძე მედიასთან გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას, რომელშიც ის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყნის მხრიდან გადასადგმელ მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობს. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაუქმება მოუწევს. ასევე, საჭირო გახდება რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მისივე თქმით, ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის დღეს არ არის ხელსაყრელი ევროკავშირში გაწევრიანება.


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „ევროკავშირსაც აქვს საქართველოსთვის დასამტკიცებელი, რომ მისი მიზანია ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა.“

„ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა; მისი მიზანია, გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს; მისი მიზანია, შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა.


ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება თუ მოხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა ეკონომიკაზე. მაგრამ დღეს ამაზე სასაუბროდ არ ვართ მოსული, გვაქვს პროგრამა და ჩვენი ამოცანაა ამ პროგრამის შესრულება. ჩვენ გვაქვს 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შეიძლებ,ა ამან გარკვეული კატაკლიზმები გამოიწვიოს, მაგრამ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ჩვენმა ეკონომიკამ ადაპტაცია მოახდინოს. მარტივ რამეზეა საუბარი - რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, [არამარტო ჩინეთთან], რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას მიუთითებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავი აარიდა და არ ისაუბრა, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია, უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. გოგოლაშვილი ასკვნის, რომ „ასეთი დეზინფირმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება.“


„პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ, უამრავ ქვეყანასთან უვიზოს გაუქმება მოგვიწევს და ეს ცუდიაო. ჯერ ერთი, შესვლამდე (ისიც, თუ ხელისუფლება შეიცვალა) მინიმუმ 5-7 წელია. შემდეგ კი, რუსეთთან და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზების შემოღება მოგვიწევს. მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. მან ასევე თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაუქმება მოგვიწევს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანო, რუსეთს გულისხმობდა და არ თქვა უბრალოდ ამ დროს, რომ ევროკავშირის წევრობა თავისუფალ ვაჭრობას გახსნის თურქეთთან, იაპონიასთან, კანადასთან, ვიეტნამთან, მექსიკასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, ახალ ზელანდიასთან, შეგვინარჩუნებს და გააღმავებს დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, გაგვიხსნის ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან და ა.შ. მომავალში აშშ-სთან. მთლიანობაში ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს. მოკლედ, ასეთი დეზინფირმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება.“


ცნობისთვის, რაც შეეხება გერმანიის ელჩის შეფასებებს, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველო დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება და საქართველოს მომავალი ევროკავშირში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.


„საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ივნისში და შემდეგ, ოქტომბერში, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია. აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არა, არაფერია შეჩერებული ჩვენ [ევროკავშირი] ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა. კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ, შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ - საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია. საქართველო დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ ჰკითხავთ, უმეტესობას, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა, საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს, გეტყვით, რომ ეს ევროპაში არ სურთ,“ - განაცხადა პიტერ ფიშერმა.


გარდა ამისა, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია. ამასთან, გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი.”