შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაებში შეკრებილ დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერია განცხადებაში.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და ერთი პოლიციელის დაშავებაზე საუბრობს.
შსს აცხადებს, რომ პოლიციის მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და „არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა
ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.“
სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი.“
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად,“ - აცხადებს სამინისტრო 23:35 საათზე გავრცელებულ განცხადებაში.