„საქართველო ევროპული ღირებულებების ერთგული უნდა დარჩეს,“ - აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. შემდეგი განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედმა კომიტეტმა 2024 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.
„საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც დღეს ლუქსემბურგში იკრიბება, როგორც მუდმივმოქმედი კომიტეტი, გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მთავრობამ გამოაცხადა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ.
ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე. ასამბლეა, თბილისში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციებზე მომხდარ სასტიკ რეპრესიებს, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მტკიცედ გმობს,“ წერენ განცხადების ავტორები.
ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს აქციის მონაწილეთა უმეტესობის დაკავებას და მათთვის „ბრალის წაყენებას საბჭოთა პერიოდის საკამათო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებით“ და იხსენებს, რომ არაერთხელ მოითხოვა ამ კანონის შეცვლა ევროპული სტანდარტის შესაბამისი ახალი კანონით.
„ეს შემაშფოთებელი მოვლენები მით უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ჩატარდა ისეთ გარემოში, რომელიც არ უქმნიდა აუცილებელ პირობებს ამომრჩეველს, „გაეკეთებინა ინფორმირებული, თავისუფალი არჩევანი დაშინებისა და ზეწოლის გარეშე“, - ეს აღნიშნულია ასამბლეის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშში.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ. ასამბლეა მზადაა, განაგრძოს მუშაობა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და მინისტრთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან მჭიდრო დიალოგში.
ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლების მოახლოებული ვიზიტი საქართველოში გადამწყვეტ შესაძლებლობას წარმოადგენს ამ დიალოგის გასაგრძელებლად. ასამბლეა არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს 2025 წლის იანვრის სესიაზე განიხილავს,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა.