ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს, რომ მმართველ პარტიას ხალხისგან რასაკვირველია არ მიუღია მანდატი, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფებები შეაჩეროს.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და ევროკავშირისკენ მათი მისწრაფებების მიმართ, მას ასევე სიძლიერე ვუსურვე. ქართველი ხალხის ხმა გაგონილი უნდა იყოს. ყველას აქვს უფლება, გააპროტესტოს მშვიდობიანად და დაცულად იგრძნოს თავი. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ.
მმართველ პარტიას ხალხისგან რასაკვირველია არ მიუღია მანდატი, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფებები შეაჩეროს. ევროკავშირში გაწევრიანება დიდი ხანია, ქართველი ხალხის მიზანსა და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაპირებას წარმოადგენს,“ წერს კარისი X-ზე.
პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.