საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია პრემიერმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
„რაც შეეხება დავით ზალკალიანს, მან დატოვა თანამდებობა, მე მასთან მქონდა საუბარი. არ ვიცი, ყველას სხვადასხვა ნებისყოფა აქვს. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან - აქ არ იგულისხმება ზეწოლა ნაცების მხრიდან. იყო სერიოზული ზეწოლა და მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია, გამოვუცხადო დავით ზალკალიანს. სამწუხარია, რომ მან დატოვა თანამდებობა. ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს რა თქმა უნდა პატივს ვცემ,“ განაცხადა კობახიძემ.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, „რადიო თავისუფლებამ“ 30 ნოემბერს გაავრცელა. „რადიო თავისუფლებას ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ,“ - წერდა „რადიო თავისუფლება.“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ასევე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ შეკითხვას.
„გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მანამდე უკვე შემდგარი იყო მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზე სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„მინდა, გავიმეორო, რომ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით. ამ საკითხის ნებისმიერი სახით მანიპულირების თუ დამახინჯების მცდელობა მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ მიმართ პატივისცემის ძირის გამოთხრას, რომელიც ამას აკეთებს. მე ვაფასებ დროს, რომელიც გავატარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პატივი იყო, მემუშავა თავდადებული პროფესიონალების შესანიშნავ გუნდთან. ძალიან ვამაყობ ჩვენი ერთობლივი წვლილით.
მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით მივაღწევთ ნამდვილი ევროპული საქართველოს ხილვას, სადაც მომავალი თაობები ევროპული ოჯახის შემადგენლობაში იცხოვრებენ,” – წერს თავის მხრივ, თეიმურაზ ჯანჯალია სოციალურ ქსელში.
ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, მანამდე კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უძღვებოდა დიპლომატიურ უწყებას.
მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.