„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ თანამშრომელთა ნაწილი: ევროპული ინტეგრაცია მოსახლეობის ისტორიული არჩევანია და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია

„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში” არიან დასაქმებულნი, მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება. ისინი აქციის მონაწილეთა დაკავებებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია.


„ჩვენ, „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია. საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 31 თანამშრომელი აწერს ხელს.


ქვეყანაში პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“