კანადა სანქციებს აანონსებს ფიზიკური პირებისა და ბიზნეს სუბიექტებისადმი, რომლებიც „ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში“

კანადა, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ჩართულნი. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს.


"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და ძალიან შეშფოთებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ჩვენ ამ თვალსაზრისით (ბალტიისპირეთის ქვეყნების) მაგალითს მივყვებით და საკუთარი სანქციათა რეჟიმის ფარგლებში, სანქციებს დავუწესებთ იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და ასევე, კორუფციაში. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა ჯოლიმ.