პატელი საქართველოს მთავრობაზე: მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის დაუწესებს აშშ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს სანქციებს. დეპარტამენტში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ წინასწარ მიმოხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებებს შეიძლება, მიმართოს აშშ-მ.


„არ ვაპირებ წინასწარ განხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება, აშშ-მ განახორციელოს ან არ განახორციელოს, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე ვართ ორიენტირებულნი და მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ. ჩვენ კვლავ გვჯერა, ეს რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძველია,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა.


პრესსპიკერის მთავარი მოადგილის თქმით, აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი უფლებები მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.


„აშშ ღრმად არის შეშფოთებული ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები,“ აღნიშნა პატელმა.