ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ“

ევროპის საბჭოს პრესსამსახური დღეს, 4 დეკემბერს, მეორე განცხადებას ავრცელებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემდეგ, ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება.


“შეშფოთებული ვადევნებ თვალყურს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას,” - განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ.


აქვე მას მოჰყავს სახალხო დამცველის განცხადება.

“გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების მიერ მონახულებული 201 ადამიანიდან უმრავლესობა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, მათ შორის, დაპატიმრების შემდგომ. უმეტესობას აღენიშნება დაზიანებები სახეზე, თვალზე და თავზე, რაც ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მიუთითებს. 29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა დაცვის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ასახავს, რომ სულ მცირე 35 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი გახდა სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი და ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. რაც შეეხება ცნობებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლების და წიწაკის სპრეის ფართოდ გამოყენებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი ზომა და უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ სტანდარტებს.


გარდა ამისა, დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ. მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა შეუნარჩუნდეთ თავისუფლად შეკრების უფლება.


აღვნიშნავ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის და დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ბრალდება სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. უფრო მეტიც, ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო  სტანდარტებით.


ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციის ლეგიტიმური უფლების განხორციელების გამო არიან დაკავებულნი. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მისი ვალდებულება და ჟურნალისტებისთვის უზრუნველყოს საზოგადოებრივი შეკრებების თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების შესაძლებლობა. მე გავაგრძელებ ამ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს და ამ საკითხების საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვას,“ ამბობს მაიკლ ო’ფლაჰერტი.


ცნობილია, რომ ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.