ირაკლი კობახიძე რამდენიმე პარტიის ოფისში ჩხრეკაზე: ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები

4 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და აქტივისტების სახლების პოლიციის მიერ ჩხრეკის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები.“ კობახიძის თქმით, აქციაზე მყოფი მოქალაქეების პიროტექნიკით მომარაგება ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი.


ოპონენტების ბრალდებებს, რომ ეს არის რეპრესიები, ირაკლი კობახიძე პასუხიბს: „მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები.“ „რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე,“ - განაცხადა პრემიერმა.


„სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ, ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია, გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი.


პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ პირველი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით წლევანდელი წლის სტატისტიკა და შევადარეთ შარშანდელი წლის 1- 27 ნოემბერს, რამდენი პროცენტით შეიძლება, იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? 90 პროცენტით. პრაქტიკულად გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო დაგეგმილი.


სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი. ასევე დღეს ვნახეთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები, როცა შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება.


უფრო მეტიც, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად, ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ პიროტექნიკის შეძენას. ამით რეალურად ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი.


ცნობილი ჯგუფი არსებობს - „დაიტოვე“, ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს დღეს უკვე ხელის გულზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.


თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. 


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს.