ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს - შსს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით არის დაკავებული.

აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ცნობისთვის,პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს.

ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.“


ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონსის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს.

ასევე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან.

არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია ჩხრეკას ატარებს მათს ბინებში.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დააკავა ორი პირი, რომლებიც ფიგურირებენ საპროტესტო დემონსტრაციიდან რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, ფარულად გადაღებულ კადრებში და, „იმედის“ ცნობით, „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ.

დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე წერს, რომ ორივე მათგანი „ლელოს“ წევრია.

იგი ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს. „გირჩი-დროას“ ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე ასევე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.


თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. 


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს.