18-29 ნოემბერს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
ევროპის საბჭოს პრესასმსახურის ცნობით, „ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეისწავლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი პირების, მათ შორის, თბილისში მიმდინარე სახალხო დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ გამოყენებული მოპყრობა და გარანტიები.“
დელეგაცოა ასევე გაეცნო რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების მდგომარეობას. გარდა ამისა, დელეგაციამ მოინახულა სამი ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც შეისწავლა პაციენტების მოვლის და საცხოვრებელი პირობები, ასევე განიხილა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივი გარანტიების გამოყენება.
„ამ ვიზიტით შესაძლებელი გახდა, ხელისუფლების მიერ წინა ვიზიტების საფუძველზე CPT-ის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების განხორციელების პროგრესის შეფასება. ვიზიტის მსვლელობისას დელეგაციამ კონსულტაციები გამართა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ნიკა ცხვარაშვილთან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კოკა კაციტაძესთან, აგრეთვე აღნიშნული სამინისტროებისა და უწყებების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
დელეგაცია ასევე შეხვდა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს და მისი ოფისის ეროვნული პრევენციული მექანიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,“ წერს ევროპის საბჭოს პრესასმსახური.