სენატორები რიში და შაჰინი: აშშ-ის კონგრესში ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ

ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.

სენატორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ „დროა, აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ - ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება.“


„ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებით ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებების უგულებელყოფა მოახდინა. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს.


აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისა და იმ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის, პასუხისმგებლები არიან,“ - აღნიშნავენ სენატორები.


სენატორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის ამჟამინდელი გამოყენების შესახებ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და გარკვევით გამოხატვისკენ მოუწოდებენ.


„ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს მოვუწოდებთ, რომ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ვალდებულება აიღონ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ამ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება,“ - აცხადებენ სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი.